ახალი ამბები

მეუფე სერაფიმეს სტუმრობა უნივერსიტეტში

3 მაისი 2012

2012 წლის 3 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმეს მასპინძლობდნენ.

იმ დღეს უნივერსიტეტში თითქოს განსაკუთრებული მადლი და ღვთისადმი გაძლიერებული პატივისცემა და სიყვარული სუფევდა.

საკონფერენციო დარბაზი სტუდენტებს ვერ იტევდა. ბევრი იყო მსურველი, პირადად ენახა სასულიერო პირი, რომლის საოცარი ხმის ტემბრი, საინტერესო წარსული და თხრობის თავისებური მანერა რაღაც განსაკუთრებულ იდუმალებას შესძენდა ამ შეხვედრას.

მეუფე სერაფიმემ ისაუბრა ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქიის დაარსების, დიდი ქართველი საერო თუ სასულიეო პირების – გრიგოლ ხანძთელის, მისი მოსწავლეების ქრისტეფორესა და თეოდორეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის, ფოთოლეთის მამათა მონასტრის და ყველა იმ წმინდა ადგილისა და სასწაულის შესახებ, რითაც ცნობილია ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქია.

მანვე მოუთხრო სტუდენტებს სოხუმში გატარებული ბავშვობის, ყრმობის, სტუდენტობის წლებისა და საერო ცხოვრებიდან სასულიერო ცხოვრებაში გადასვლის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

სტუდენტების მხრიდან ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა.

მეუფე სერაფიმემ სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრის დასასრულს დალოცა კიდეც აუდიტორია: ,,თითოეულ ჩვენთაგანს რწმენის გაღრმავება გვჭირდება. ღმერთისადმი ჩვენი სიყვარული ისეთი უნდა იყოს, როგორსაც გვიქადაგებს წმინდა სერაფიმ საროველი, წმინდანი, რომელიც მფარველობს საქართველოს“.