თქვენი მისწრაფებები, თქვენი არჩევანი


უნივერსიტეტის ბაკალავრიატი არის უმაღლესი განათლების პირველი საფეხური - ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის.

საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე;

პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა გარე მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და გთუნი-ს სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.

საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ECTS -ის 240 კრედიტის დაგროვებას. 1 კრედიტი = 25 -30 ასტრონომიულ საათს, 1 ასტრონომიული საათი = 60 წთ. კრედიტი ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელ მუშაობას. კრედიტი დროის ერთეულში (სთ.) ასახავს სამუშაოს იმ მოცულობას, რომელიც საჭიროა სტუდენტის მიერ პროგრამის ერთი კომპონენტის ასათვისებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.

სემესტრის განმავლობაში ბაკალავრმა სასურველია დაძლიოს საშუალოდ 30 კრედიტი, ხოლო წელიწადში - 60 კრედიტი, თუმცა, პროგრამის სპეციფიკიდან და სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.

საბაკალავრო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ, აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით, სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არაუმეტეს 6 სემესტრი) განმავლობაში.