ახალი ამბები

უნივერსიტეტის სტუდენტები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

13 ივნისი 2012

2012 წლის 13 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი სტუმრობდა.

სტუდენტებთან შეხვედრამდე ბატონმა დიმიტროვმა უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, ტელე და რადიო, კრიმინალისტიკის, იმიტირებული ბანკი, ტურისტული
სააგენტო და კონსალტინგური ლაბორატორიები დაათვალიერა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე ელჩმა საქართელოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საქმიანობის, მისიისა და ფუნქციის შესახებ ისაუბრა. თქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 1995 წელს გაიხსნა და ამ დიპლომატიური მისიის ფუნქცია სამ სფეროს მოიცავს: პოლიტიკური ურთიერთობები, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა და საგარეო დახმარება. წარმომადგენლობა
ცდილობს, უზრუნველყოს შესაბამისობა ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკას, ჰუმანიტარულ დახმარებას, დემოკრატიის მხარდაჭერას, ადამიანის უფლებების და მედიის, ინსტიტუციური მშენებლობის და სხვა საგარეო პოლიტიკის აქტივობებს შორის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა
და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გულისხმობს მხარეებს შორის მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ფინანსური და კულტურული თანამშრომლობის უზრუნველყოფას.

ბატონმა დიმიტროვმა ისაუბრა საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური, ასევე სასამართლო სისტემაში ჩატარებული რეფორმების, სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო–გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ვიზების მიღების გამარტივების პროცედურის, იმ მოსალოდნელი დადებითი შედეგების შესახებ, რომელიც შესაძლებელია ევროკავშირში საქართელოს გაწევრიანებას მოჰყვეს და ზოგადად საქართველოს, როგორც ევროპული დონის ქვეყნის, სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასასრულს ელჩმა სტუდენტთა შეკითხვებსაც უპასუხა და წარმატებები უსურვა მათ სწავლაში.