ახალი ამბები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სტუდენტებს შეხვდა

18 აპრილი 2016

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გრძელდება სტუდენტების შეხვედრები დამსაქმებლებთან, პარტნიორი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, სამართლის სფეროს აღიარებულ წარმომადგენლებთან.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთათვის სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, საკანონმდებლო სიახლეების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ორგანოების საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, უმაღლეს სასწავლებელსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა, რაც, უდაოდ, შეუწყობს ხელს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი და პროფესიული პოტენციალის რეალიზებას, უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებას, სტუდენტთა პროფესიულ მომზადებას, სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცებას, დარგობრივი კომპეტენციების ფორმირებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ბატონი კახი კახიშვილი გაეცნო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, დაათვალიერა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი იმიტირებული სასამართლო დარბაზი და კრიმინალისტიკური ლაბორატორია.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების ფარგლებში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებთან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო იურიდიულ კომპანიებთან, სადაც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები წოველწლიურად გადიან პროფესიულ პრაქტიკას.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://moc.gov.ge/ka/pressamsakhuri/akhali-ambebi/article/21993-sasjelaghsrulebisa-da-probaciis-ministri-guram-thavarthqiladzis-sastsavlo-universitetis-studentebs-shekhvda

იხილეთ ფოტოგალერეა