ახალი ამბები

რექტორთა საბჭოს წევრებმა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს

14 იანვარი 2016

2016 წლის 13 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ რექტორთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა თაობაზე ისაუბრა. სხენებული პაკეტი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული პრობლემების აღმოფხვრასა და ფუნდამენტური ცვლილებების გატარებას გულისხმობს.

წლების განმავლობაში განსაზღვრული არ იყო მეცნიერთა სტატუსი, მათი უფლება-მოვალეობები, ისინი ვერ მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების მართვასა და სასწავლო პროცესში. შეზღუდული იყო მკვლევართა მონაწილეობა თვით მომავალი მეცნიერების აღზრდის პროცესში. საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის შედეგად მოხდება სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების იურიდიული სტატუსის განსაზღვრა, საკანონმდებლო დონეზე კვლევითი დაწესებულებების სტრუქტურისა და ფუნქციონირების მექანიზმის მოწესრიგება, უნივერსიტეტებში მეცნიერთა სტატუსის აღდგენა, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის აღდგენა და სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შეფასების სისტემის ამოქმედება.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები - ერთობლივი აკადემიური ხარისხის ცნების შემოტანით და უნივერსიტეტის დეფინიციის დაზუსტებით - ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოქმედ რექტორთა საბჭოს წევრებთან ერთად იმსჯელა.

სამოქმედო გეგმის განხორციელება მოხდება უნივერსიტეტების, მათში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აქტიური ჩართულობით. შეხვედრაზე განისაზღვრა ამა თუ იმ აქტივობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები, პირები და შესაბამისი ვადები.

გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება მოითხოვს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აქტიურ მონაწილეობას და მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებას, რექტორთა საბჭოზე ასევე განიხილეს რამდენიმე ფართომასშტაბიანი კონფერენციის ჩატარების საკითხი, სადაც მოხდება კონკრეტულ აქტივობასთან დაკავშირებული კონცეპტუალური და პრაქტიკული საკითხების განხილვა, ჩამოყალიბდება ყველა მხარისთვის მისაღები საერთო მიდგომები.

იხილეთ ვრცლად: https://www.facebook.com/mes.gov.ge/videos/1159396224078121/?theater

https://www.facebook.com/mes.gov.ge/