ახალი ამბები

მომავალ იურისტებს საჯარო ლექცია წაეკითხათ

29 მაისი 2012

2012 წლის 29 მაისს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, სამართლის დოქტორს გიორგი გორაძეს შეხვდნენ და მის საჯარო ლექციას დაესწრნენ.

ბატონმა გიორგიმ ისაუბრა სტრუქტურაში გატარებული რეფორმებისა და იმ სიახლეთა შესახებ, რომელთა გატარებაც სამომავლოდ იგეგმება.
სტუმარმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია სისტემაში არსებული სტატისტიკის შესახებ. ისაუბრა სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა, მათ შორის, არასრულწლოვანთა, ქალთა, პრობაციონერთა და შეწყალებულთა საერთო რაოდენობაზე.

სტუმარმა ისაუბრა იმის თაობაზეც, რომ N5 ქალთა საპატიმროში დაიწყო ბიბლიოთეკის მშენებლობა, განახლდა სპორტული მოედანი, წალკაში გაიხსნა იურიდიული დახმარების ოფისი, მოეწყო ინფრასტრუქტურა ლიცენზირებული დაწესებულებებისა და სამოქალაქო აფთიაქებისათვის, ქუთაისის N 1 დაწესებულებაში დაინერგა მეტადონის პროგრამა და ა. შ.

თქვა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პირობები; რომ მსჯავრდებულისათვის აღარ იქნება შეზღუდული პრობაციის ბიუროში გამოცხადების წესი, რამეთუ მსჯავრდებულს წინასწარ შეეძლება, განცხადების საფუძველზე, დატოვოს ქალაქი და შემდგომ სადაც იქნება იქ გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში; სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის ინერგება უფასო ვიდეო პაემანი; უკვე დაინერგა ამანათის ფოსტით გაგზავნის სისტემა; ოზურგეთში, დაბა ლაითურში იგეგმება ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა და სხვა.

სტუმარმა ისაუბრა სისტემაში გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზეც.

ბატონი გიორგი შეეხო ინფრასტრუქტურის განვითარების თემასაც და თქვა, რომ მიმდინარეობს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო კორპუსის, ასევე N8 დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობები, რიგ დაწესებულებებში უკვე ხორციელდება ხანგრძლივი პაემნები და ა. შ.

შეხვედრის დასასრულს ბატონმა გიორგიმ სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.