საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პრეზიდენტის ინიციატივით, იწყებს სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Jobs” განხორციელებას, რომელიც ზაფხულის არდადეგების პერიოდში – 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს.
დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება.
• პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება;
• თითოეულ დასაქმებულ სტუდენტზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 500 ლარი (დარიცხული);
• სტუდენტის სურვილის შემთხვევაში, მას შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს პროგრამა ”Summer Job”-ში და აირჩიოს შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველი ერთი ვაკანსია (სამშენებლო ორგანიზაციებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ.);
• დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge;
• რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტით 20 მარტიდან 20 აპრილამდე;
პროგრამა ”Summer Job" მიზნად არ ისახავს სტუდენტის დასაქმებას პროფესიის მიხედვით. თუმცა, სტუდენტის პროფესია შესაძლოა აღმოჩნდეს ვაკანტური ადგილების ნუსხაში. სტუდენტთა ძირითად ნაწილს კი, არა პროფესიის მიხედვით მოუწევთ დასაქმება იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი პროფესია შესაძლოა არ იყოს დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული და მოთხოვნილი.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ.