ახალი ამბები

ტრენინგ-კურსში მონაწილე სტუდენტებს ბრიტანული უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ

14 აპრილი 2021

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა - თინათინ ბაქრაძემ, ლიკა მაზმიშვილმა და თათია უნერმარკმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, საერთაშორისო ონლაინ ტრენინგ-კურსში მიიღეს მონაწილეობა.

კურსს უძღვებოდნენ ბრიტანელი და ნიდერლანდელი ექსპერტები.

ონლაინ კურსი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, სახელმწიფო ზედამხედველობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

თინათინ ბაქრაძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი: „ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა უფრო ღრმად გავცნობოდი ევროკავშირის სამართალს. ლექციები, რომელიც ამ კურსის ფარგლებში ჩაგვიტარდა, ჩემთვის ძალიან ინფორმატიული იყო, რამაც საშუალება მომცა შემედარებინა სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა, განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, მიგრაცია და თავშესაფარი. გარდა ამისა, წარმოდგენილი კაზუსის მიხედვით სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად ვიმუშავე ტერორიზმის პრობლემაზე, რაც ჩემთვის განსხვავებული და ახალი გამოცდილება იყო”.

ლიკა მაზმიშვილი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი: „კურსმა ბევრი რამ მომცა, იდეალური პროექტია იმისათვის რომ განვავითაროთ ჩვენი უნარები. მონაწილეობდნენ სტუდენტები თითქმის ყველა ქვეყნიდან და საინტერესო იყო მათი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების გაზიარება ტრეფიკინგთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და თავისუფალი მიმოსვილის შესახებ”.

თათია უნერმარკი, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი: „ძალიან მიხარია, რომ ამ კურსის მონაწილე ვიყავი! დიდი მადლობა ჩვენს უნივერსიტეტს, რომ მომცა ასეთი მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ბევრი რამ ვისწავლე პროექტის განმავლობაში, რაც უდავოდ გამომადგება კარიერულ განვითარებაში“.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ბრიტანული უნივერსიტეტის London South East Bank სერტიფიკატები გადაეცათ.


იხილეთ ფოტოგალერეა...