ახალი ამბები

ბაზალეთმა ბიზნეს ოლიმპიადის ფინალურ ტურს უმასპინძლა

26 მაისი 2012

2012 წლის 26 მაისს სასტუმრო კომპლექსი "ბაზალეთის ტბა" გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტთა ბიზნეს ოლიმპიადის ფინალურ ტურს მასპინძლობდა. ფინალში მონაწილე გუნდის წევრებს აგრარული ბაზრის პროექტი უნდა წარმოედგინათ.

მანამდე კი, ფინალურ ტურს ბიზნეს იდეის პრეზენტაცია, ხელშეკრულებების გაფორმება და ბიზნეს ქეისის განხილვა უსწრებდა წინ. ფინალამდე ოლიმპიადაში მონაწილე გუნდების წევრებმა ბევრი იშრომეს, ღირსეული კონკურენტებიც ჩამოიშორეს გზიდან და გადამწყვეტ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ, თითქმის, თანაბარი დონის გუნდები – "ახალი თაობა" და "კრეატივი" წარდგა.

ოლიმპიადის ფინალურ ტურს კომპეტენტური კომისია აფასებდა: პროფესორები გიორგი მათიაშვილი (კომისიის თავმჯდომარე), ლალი ჩაგელიშვილი, ამირან თავართქილაძე, ლია თოთლაძე, დავით ვეკუა, კობა ჩაგელიშვილი, გელა ალადაშვილი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორთა კრების თავმჯდომარე ლია თავართქილაძე, სასტუმრო კომპლექს "ბაზალეთის ტბის" გენერალური მენეჯერი ლელა შენგელია და კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" მარკეტინგული კვლევების ხელმძღვანელი ნონა სონღულაშვილი.

პროექტი რამდენიმე კრიტერიუმით ფასდებოდა და უმაღლესი შეფასება იყო 30 ქულა.

ამის პარალელურად ფინალისტებს უნდა წარმოედგინათ მათ მიერვე დამზადებული ბაზალეთის კომპლექსის სარეკლამო რგოლი.

თავდაპირველად ფინალური ტურის დავალება "ახალი თაობის" გუნდის წევრებმა წარმოადგინეს. მარიამ კუტალია, ბექა კონცელიძე, ნანა ხურცილავა, გიორგი ქიმერიძე, ნუნუ ხიდაშელი და სოსო მამნიაშვილი თავიანთი გამოსვლითა და არგუმენტირებული მსჯელობით ცდილობდნენ დაერწმუნებინათ კომისიის წევრები საკუთარი ბიზნეს პროექტის წარმატებულ საქმიანობაში და შესაბამისი არგუმენტებიც წარმოადგინეს.

ამის შემდგომ თავიანთი ნაფიქრალი და ნაშრომი გუნდ "კრეატივის" წევრებმა წარმოადგინეს. მარიამ კიკაბიძის, ვახტანგ კაღაშვილის, სოფო აფციაურის, გიგა მეტრეველისა და ვასილ დალაქიშვილის გამოსვლები აუდიტორიის წინაშე განსაკუთერებული დამაჯერებლობითა და თემისადმი შემოქმედებითი მიდგომით გამოირჩეოდა. მათ მიერ წარმოდგენილი აგრარული ბაზრის მაკეტიც კი არსებული სტანდარტებისაგან განსხვავევული ფორმებითა და პრაქტიკულობით გამოირჩეოდა. "კრეატივის“ წევრებს ეტყობოდათ, საგანგებოდ ჰქონდათ ნაფიქრალი და გათვლილი პროექტში წარმოდგენილი თითოეული ნიუანსი და ახალგაზრდული შემართებითა და დამაჯერებლობით ცდილობდნენ ყოველი წვრილმანი დეტალის დასასაბუთებელი არგუმენტების მოტანას.

საკუთარი პროექტების წარმოდგენის შემდეგ ფინალისტებმა საკონფერენციო დარბაზი დატოვეს და ახლა უკვე კომისიის წევრებს უნდა ეთქვათ თავიანთი კომპეტენტური სიტყვა.

კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, პროექტის ტექნიკური შესრულების, ეკონომიკური დასაბუთების, პრეზენტაციის წარმოდგენის უნარის, პროექტის წარმოდგენის ლაკონურობის, რეალობასა და დროის ფაქტორთან შესაბამისობაში ტოლი არ ჰყავდათ გუნდ "კრეატივის" წევრებს და საბოლოო გამარჯვებაც მათ ხვდათ წილად.

გამარჯვებული გუნდის კაპიტანს – მარიამ კიკაბიძეს გარდამავალი პრიზი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, კომისიის თავმჯჯდომარემ გიორგი მათიაშვილმა პირადად გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა ფინალურ ტურში მონაწილე თითოეულ ახალგაზრდას.