ახალი ამბები

შეხვედრა პოეტ მზია ხეთაგურთან

11 ოქტომბერი 2016

2016 წლის 11 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა პოეტ მზია ხეთაგურს უმასპინძლეს.

ეს შეხვედრა კლუბი „რეპორტიორის“ ინიციატივით გაიმართა და იგი სასწავლო ფორმატის ფარგლებში წარიმართა.

სტუდენტებმა ქალბატონ მზიას უშუალო, თბილი და სასიამოვნო შეხვედრა მოუწყვეს და უნივერსიტეტის ანსამბლ „ივერთას“ მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე პოეტის ლექსებიც წაიკითხეს.

შემდეგ სტუმარს საინტერესო კითხვებიც დაუსვეს და პოეტის გულწრფელი პასუხებიც მიიღეს.

თავის მხრივ, არც ქალბატონი მზია დარჩა ვალში, გაიხსენა ის განცდა და ემოციები, რომელიც პირველი ლექსის დაწერას ახლდა თან, ისაუბრა ზოგადად პოეტისა და მართალი სიტყვის დანიშნულებასა და ძალაზე, შეახსენა ახალგაზრდებს ის მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება თითოეულ ადამიანს, კონკრეტულად, მედიის წარმომადგენელს და მოუწოდა მათ უქმად არ დაკარგონ ის ძვირფასი დრო, რომელიც მათ ახლა აქვთ და მაქსიმალურად დაეუფლონ განათლებას.

შეხვედრის დასასრულს პოეტმა სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.