ახალი ამბები

საჯარო ლექცია ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისათვის

22 მაისი 2012

2012 წლის 22 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტები საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ბატონი ბექა ჯაყელის საჯარო ლექციას დაესწრნენ.

სტუმარმა, თავის გამოსვლაში, ვრცლად მიმოიხილა დღეს საერთაშორისო და შიდა ტურისტულ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები, ისაუბრა საერთაშორისო ტურისტული სტატისტიკის, შემოსავლებისა და ზოგადად იმ ტენდენციების შესახებ, რომლითაც გამოირჩევა ეს სფერო და რომელიც გარკვეულ განსაკუთრებულობას სძენს მას. ბატონმა ბექამ ისაუბრა საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე და იმ კონკრეტული სიახლეების შესახებაც, რომელიც უკვე განხორციელდა და რომლის განხორციელებაც მიმავალში იგეგმება.

სტუმარმა სტუდენტებს მიაწოდა ის კონკრეტული ციფრები, რომელიც ტურიზმის სფეროს უკავშირდება. თქვა, თუ როგორია საქართველოში ტურისტების ვიზიტის პრაქტიკა, როგორ იღებენ საქართველოში ჩამოსვლით დაინტერესებული ადამიანები მათთვის საჭირო ინფორმაციას, ტრანსპორტის რომელ სახეობას იყენებენ ყველაზე ხშირად, რა მიზნით მოგზაურობენ საქართველოში, როგორია ტურისტთა განთავსების საკითხი, როგორ გამოიყურება შიდა ტურისტების სოციო–დემოგრაფიული პროფილი, რა განსხვავებაა ტურისტსა და მგზავრს შორის, როგორია სავიზო პოლიტიკა და ა. შ.

ბატონმა ბექამ დაუსახელა სტუდენტებს ის პოპულარული ვებ გვერდები, რომელთაც ასე ხშირად იყენებენ ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები. ისაუბრა იმის თაობაზეც, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ინტერნეტის ხვედრითი წილი ტურიზმის განვითარების საქმეში და რომ აუცილებელია ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების გაზრდა.

შეხვედრის დასასრულს ბატონმა ბექამ სტუდენტთა შეკითხვებსაც უპასუხა.