ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამარჯვებულ კონკურსანტებს სერტიფიკატები გადასცა

20 მაისი 2016

2016 წლის 20 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა".

დაჯილდოების ცერემონია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა, სადაც ფინანსთა მინისტრმა სტუდენტებისთვის საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსში 34 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 124 სტუდენტი მონაწილეობდა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სწავლების მესამე კურსის სტუდენტმა ნათია მჟავიამ საუკეთესო სტატიისათვის თემაზე „საქართელოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა“ სერტიფიკატი დაიმსახურა.