ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2 მარტი 2018

დღეს, 2018 წლის 2 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლო იღებს ვალდებულებას, გამოყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფილი სხდომათა დარბაზები უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩასატარებლად; უზრუნველყოფს სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უმაღლესი სასწავლებლის მიერ მომზადებული საქმეების ანალიზების განთავსებასა და მათი შესაბამისი საქმის მოსამართლეებისათვის მიწოდებას; ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებას და ასე შემდეგ.

თავის მხრივ, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სასამართლოსთან სასამართლო პრაქტიკაში პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე, სასამართლო მეგობრის ფუნქციის შესრულების მიზნით; უზრუნველყოფს საკუთარი აკადემიური პერსონალის მიერ სასამართლოში საჯარო ლექციების ჩატარებას აქტუალური სამართლებრივი ან ორგანიზაციული კომპეტენციის შესახებ; სასამართლოს მოხელეებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ უნივერსიტეტში არსებული ლიტერატურის შიდა მონაცემთა ბაზით; ასევე უზრუნველყოფს სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებას უნივერსიტეტში დაგეგმილი საჯარო საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ და სხვა.