ახალი ამბები

სასწავლო შეხვედრა სამომავლო პერსპექტივებით

19 მარტი 2013

2013 წლის 19 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდნენ.

სტუდენტებთან სასწავლო შეხვედრის დაწყებამდე მინისტრმა უნივერსიტეტი და მისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.

რაც შეეხება თავად სასწავლო შეხვედრას, თავდაპირველად მინისტრმა სტუდენტებს მოკლედ გააცნო საკუთარი ბიოგრაფია, განვლილი სპორტული ცხოვრების გზა, ისაუბრა სამინისტროს მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე სამომავლო გეგმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებაში ერთანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება. ასევე მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება; ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა.

ბატონი ლევანის თქმით, ახალგაზრდული პოლიტიკა თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ახალგაზრდობის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევა(დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, დასაქმება) შეუძლებელია გადაიჭრას მხოლოდ ერთი სექტორის ძალისხმევით. აუცილებელია მუდმივმოქმედი საკოორდინაციო მექანიზმების ჩამოყალიბება სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.

მისი აზრით, ახალგაზრდების პოტენციალის ოპტიმიზაციისათვის აუცილებელია საზოგადოებაში ახალგაზრდობის როლისა და საჭიროებების გააზრებული ხედვა და ახალგაზრდობასა და მთავრობას შორის დიალოგის ინსტიტუტიონალიზაცია, რომელიც განიხილავს საქართველოში ახალგაზრდების რეალურ მდგომარეობას, ქართულ საზოგადოებაში ახალგაზრდების როლისა და პასუხისმგებლობის გადანაწილებას ახალგაზრდებსა და სახელმწიფოს შორის.

ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გადავიდა.

სტუდენტთა შეკითხვებს მინისტრი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით პასუხობდა.

სასწავლო შეხვედრა იმითაც იყო სასარგებლო, რომ სასწავლო პროცესთან ერთად გამოიკვეთა სამინისტროსა და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გარკვეული მიმართულებები, რასაც მინისტრი ენთუზიაზმითა და დიდი სიამოვნებით დაეთანხმა და ახალი იდეებითა და საინტერესო წინადადებებით დატვირთულ ახალგაზრდებს უახლოეს მომავალში სამუშაო ვითარებაში შევედრას დაპირდა.