ახალი ამბები

შეხვედრა ფრანგ ჟურნალისტებთან

19 ოქტომბერი 2012

2012 წლის 18 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ფრანგ კოლეგებს – ტიერი კომს, ჟულიენ ლამპანს, სოფი ჟესნესა და ირაკლი მანჯავიძეს სასწავლო ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ. თავის მხრივ, ფრანგმა ჟურნალისტებმა კი სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

რეიმსის უნივერსიტეტში ევროპული ჟურნალისტიკის მაგისტრატურის ფუძემდებელმა ტიერი კომმა ისაუბრა საფრანგეთში ჟურნალისტიკის სწავლების მეთოდებსა და ხერხებზე და, შეძლებისდაგვარად პარალელები გაავლო საქართველოსა და საფრანგეთში დამკვიდრებული ჟურნალისტის სპეციალობასთან დაკავშირებული სწავლების ძირითად ნიუანსებსა და იმის თაობაზე, თუ რა ხდება და რა სიახლეებია დღეს ამ სფეროში.

ბატონმა კომმა ხაზი გაუსვა ჟურნალისტისათვის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს როგორიცაა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვები და გადმოსაცემი ინფორმაციის სანდოობა. მისი თქმით, ჟურნალისტს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს და, აქედან გამომდინარე, მუდმივად უნდა მუშაობდეს საკუთარ თავზე.

მისი აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანია, სწავლის პროცესში სტუდენტს ჰქონდეს საშუალება, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, გაიაროს პროფესიული პრაქტიკა. რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ადვილად დაიმკვიდროს საკუთარი თავი კონკურენტუნარიან გარემოში.

ირაკლი მანჯავიძე, თავის გამოსვლაში, შეეხო ჟურნალისტის პროფესიული თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის ცნებებს და აღნიშნა, რომ სასურველია, თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდეს საკუთრი ხელწერა, რომელიც გამოარჩევს სხვა ჟურნალისტისაგან და ურჩია მომავალ ჟურნალისტებს, უფრო მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე და ფეხი აუწყონ თანამედროვეობას.

„ახალგაზრდული რადიოს“ ჟურნალისტმა ჟულიენ ლამპანმა ისაუბრა ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, სპეციფიურ ნიუანსებსა და რადიოჟურნალისტიკის იმ მომხიბვლელობაზე, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე მედიის ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებისათვის.

გაზეთების „ლა კრუასა“ და „ტრიბუნის“, ასევე „რადიო RFI“ ჟურნალისტმა სოფი ჟესნემ ისაუბრა საფრანგეთში ჟურნალისტთა კონკურენციისა და იმ სირთულეების შესახებ, რომელიც მუდმივად სდევს ჟურნალისტის პროფესიას.

ფრანგმა ჟურნალისტებმა უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზაც დაათვალიერეს.