ახალი ამბები

ყურადღება, სიახლე: მისხალ-მისხალ აღნუსხული საქართველო

17 ნოემბერი 2015

მიმდინარე სასწავლო წლიდან გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტების სასწავლო პროცესში საინტერესო სიახლე დაინერგა.

საგნის „ჟურნალისტური ოსტატობა“ ფარგლებში 2015-2016 სასწავლო წლის პირველ ნახევარში დაგეგმილია რამდენიმე გასვლითი რეპორტაჟის მომზადება, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა ორგანიზებულ მივლინებას, ერთგვარ „დესანტს“, საქართველოს კონკრეტულ რეგიონში და მრავალფეროვანი ჟურნალისტური პროდუქტის (რეპორტაჟების, ჩანახატების, სტატიების, ინტერვიუების, რადიო და ტელესიუჟეტების და ა.შ.) მომზადებას.

გასვლით რეპორტაჟებს სტუდენტებმა სახელად „მისხალ-მისხალი“ დაარქვეს. მათი მიზანი ხომ იმ კონკრეტული საქმიანობის, იმ კონკრეტული პრობლემის თუ იმ კონკრეტული სურათის გადმოცემაა, რომელიც დღეს ასე აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას.

2015 წლის 19 ოქტომბერს სტუდენტები მუხრანში იმყოფებოდნენ. მუხრანის სასახლე, სკოლა, საავადმოფო, ოჯახები, გამგეობა, ფერმა, ნატახტარის აეროდრომი. ეს ის ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც სტუდენტებმა ინფორმაციებიც მოიძიეს და შესაბამისი ვიდეო მასალაც შეკრიბეს.

2015 წლის 16 ნოემბერს კი სტუდენტებს მორიგი გასვლა საგარეჯოს რაიონში მოუწიათ: საგარეჯოს რაიონის გამგეობა, სკოლა, ბანკი. სტუდენტები საპროტესტო აქციის მონაწილეებსაც გაესაუბრნენ, ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა და ბოლოს პატარძეულში გოგლა ლეონიძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.

დეკემბერის თვეში სტუდენტები კიდევ ერთი გასვლითი რეპორტაჟის მომზადებას გეგმავენ.

საშემოდგომო სემესტრის მიწურულს კი ნამუშევრების სრული პრეზენტაცია გაიმართება.