ახალი ამბები

შეხვედრაზე დასმული უამრავი კითხვა და საინტერესო პასუხები

30 ოქტომბერი 2012

2012 წლის 26 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, ევროკავშირის სტრუქტურებში საფრანგეთის რადიოსა და მე–9 არხის საკუთარ კორესპონდენტს ევროპაში ბატონ გიორგი ფოფხაძეს შეხვდნენ.

თავდაპირველად სტუმარმა საკუთარი თავის შესახებ ისაუბრა. თქვა, რომ პროფესიით ექიმი–რეანიმატოლოგი იყო და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიარა ჟურნალისტის ამ მძიმე და მეტად საპასუხისმგებლო პროფესიას. გაიხსენა მის მიერ მომზადებული ის სიუჟეტებიც, რომელიც ესოდენ ამშვენებს მისი, როგორც ჟურნალისტის, ხიფათით სავსე ცხოვრებას. რადიო „თავისუფლება“, „Associated Press“, რადიო „FRANSE“, გერმანული „KABEL 1”, “EVRONEWS”. აი, მედიასაშუალებების ის მოკლე ჩამონათვალი, სადაც მას მოუწია მოღვაწეობა; გადაღებული აქვს ცხრა ომი და ა. შ. გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს დღეები, მის მიერ მომზადებული სიუჟეტები და, ფაქტიურად, უმცროსი კოლეგების მიერ დასმულ ყველა კითხვას გასცა პასუხი.

რა თქმა უნდა, სტუდენტთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ამ ცოტა ხნის წინ ეთერში გასული ციხის შემზარავი კადრები და ამ
კუთხით სტუმარს უამრავ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგი მხოლოდ ჟურნალისტის სტატუსით გახლდათ ჩართული და პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობა არ მიუღია.

გიორგი ფოფხაძემ ვრცლად ისაუბრა თავად ჟურნალისტის როლსა და დანიშნულებაზე და აღნიშნა, რომ სასურველია, ნებისმიერი ჟურნალისტი იყოს ინდივიდუალური და სტატია იქნება ეს, სატელევიზიო მასალა თუ რადიო სიუჟეტი დარჩეს ბოლომდე ნეიტრალური და ისაუბროს ან გადმოსცეს მხოლოდ სიმართლე.

მანვე მოუწოდა მომავალ ჟურნალისტებს, მაქსიმალურად გამოიყენონ უმაღლეს სასწავლებელში გატარებული პერიოდი, მიიღონ რაც შეიძლება მეტი ცოდნა, ენციკლოპედიური განათლება და წრფელი გულითა და სინდისის კარნახით ემსახურონ თავიანთ ქვეყანასა და საზოგადოებას.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა სტუდენტებს სამომავლო გეგმებიც გაუმხილა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოსახლეობას ექნება საშუალება, იხილოს მის მიერ მომზადებული სიუჟეტები ევროკავშირისა და ევროსტრუქტურების მისიის, დანიშნულებისა და მიზნების შესახებ.