ახალი ამბები

გთუნის სტუდენტებმა ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

22 მაისი 2018

გასულ კვირას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დაარსების 20 წლისა და თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე რამდენიმე სექცია მუშაობდა: ისტორიისა და პოლიტიკის, აშშ-საქართველოს ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკის, მკვიდრი ამერიკელების, ლიტერატურისა და ენის, კულტურის, სოციალური საკითხების და სამართლის, ლათინური ამერიკის, ფილოსოფიის, მედიის, მედიცინის, ეკონომიკის და არქიტექტურის.

კონფერენციაში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები სალომე გამცემლიძე და თამარ ტოჩილაშვილი იღებდნენ მონაწილეობას.

სალომე გამცემლიძის თემის სახელწოდება იყო "ამერიკული ჟურნალისტიკის აისბერგი".

თამარ ტოჩილაშვილი კი აუდიტორიის წინაშე მოხსენებით "მედია გლობალური სოფლის მიღმა" გამოვიდა.

ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური კონფერენცია თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.