ახალი ამბები

გთუნის პროფესორი ჰუმბოლტის უნივერსიტეტში სამეცნიერო სტაჟირებაზე იმყოფებოდა

11 ოქტომბერი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ედიშერ ფუტკარაძე, პროფესორ მარტინ ჰეგერის მიწვევით, ჰუმბოლტის უნივერსიტეტში სამეცნიერო სტაჟირებაზე იმყოფებოდა. მისი კვლევის თემა იყო ,,სისხლის სამართლის პოლიტიკა“.

ჰუმბოლტის უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში პროფესორ ედიშერ ფუტკარაძეს მუშაობა და საქმიანი ურთიერთობების დამყარება მოუწია ინგლისელ, იტალიელ, ბერძენ, იაპონელ, ბრაზილიელ და არგენტინელ კოლეგებთან.

პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე 2001 წლიდან კითხულობს ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში სისხლის სამართლის მიმართულებით. 2001, 2002 და 2005 წლებში იმყოფებოდა მაქს-პლანკისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიებით ქ. ფრაიბურგში საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში, 2006 და 2009 წლებში - კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო 2016 წელს - ბერლინში ჰუმბოლტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. არის ოსაკას კანსაის უნივერსიტეტის (იაპონია) სამეცნიერო-გაცვლითი სტიპენდიანტი და მიწვეულია კანსაის უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევისთვის და ლექციების წასაკითხად.

არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ, რუსულ და თურქულ ენებზე.

,,დედამიწაზე ბევრი პროფესია არსებობს. აქ არ შევუდგები მათ ჩამოთვლას. იურისტის პროფესია აქტუალური იყო წარსულში, აქტუალურია ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. უფრო მეტიც, ის კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება, რამეთუ ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროს სამართლებრივი რეგულირება - იურისტის ხელი სჭირდება.

სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი კულტურის განვითარება, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება კიდევ უფრო ზრდის იურისტის როლსა და მნიშვნელობას როგორც ოჯახში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის გავლის შემდეგ გთუნის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა იძლევა მიღებული ცოდნის გაღრმავების უნიკალურ შესაძლებლობას და ზრდის დასაქმების შანსებს ძალოვან სტრუქტურებსა და სასამართლო სისტემაში“ - დასძენს ედიშერ ფუტკარაძე.