ახალი ამბები

საერთო ინტერესები და სამომავლო პერსპექტივები

26 დეკემბერი 2012

2012 წლის 26 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის თანახმად, ურთიერთთანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა:
- უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული პრაქტიკის უზრუნველყოფა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში;
- უნივერსისტეტის სტუდენტების სტაჟირების უზრუნველყოფა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში;
- უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა სამინისტროს მიერ განხორციელებულ კვლევებში;
- ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოხმაურებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მხარეთა აქტიური მონაწილეობა;
- სამომავლო დასაქმების მიზნით, წარჩინებული სტუდენტების შერჩევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა ამისა, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ როგორც სტუდენტების, ასევე ახალგაზრდა კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი ტრენინგ პროგრამების ორგანიზება–განხორციელების, მიზნობრივი ჯგუფებისათვის სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავების, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის შემთხვევაში, დისტანციური სწავლების დანერგვა–განვითარებისათვის და ა. შ.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდგომ სტუმარმა უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კრიმინალისტიკის, ასევე ტელე და რადიო, იმიტირებული ბანკის, ტურისტული სააგენტოსა და კონსალტინგური ცენტრის სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა.