კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ფარმსახლი,  კომერციული დირექტორი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTUNI   ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ  ამ უნივერსიტეტის  სახელი.

ახალი ამბები

უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

17 მარტი 2011

2011 წლის 17 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში იურისტ ლევან დარბაიძის მონოგრაფიული ნაშრომის - „ალექსანდრე ამილახვრის სამართლებრივი შეხედულებები“ - პრეზენტაცია გაიმართა.

საუკუნეების მანძილზე დაგროვილი სამართლებრივი ცოდნის საღად გააზრება, მისი ობიექტურად შეფასება და დღევანდელობის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაში ამ ცოდნა-გამოცდილების მიზანმიმართულად გამოყენება თანამედროვე მკვლევართა უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ასეთი ხედვითა და თემისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა ავტორი თავის ნაშრომს და დღეს ამ თემით დაინტერესებულ მკითხველს შესანიშნავი სამაგიდო წიგნი შესთავაზა.

მისი თქმით, ნაშრომი ქართული სამართლის ისტორიაში იმ ძირითადი საკითხების მეცნიერული ანალიზის შედეგს წარმოადგენს, რომელთაც თანამედროვე საკონსტიტუციო, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მონოგრაფიული კვლევის ძირითადი მიზანია ალექსანდრე ამილახვრის სამართლებრივ შეხედულებათა აქტუალობის მეცნიერულად დასაბუთება და იმის წარმოჩენა, თუ როგორ ჰქონდა მას ჩამოყალიბებული თავისი მოსაზრებანი საზოგადოებისა და სახელმწიფო მოწყობის სამართლებრივი საფუძვლების, მეფის არჩევის, ხელისუფლების დანაწილების, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების, რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის, საკანონმდებლო და სისხლის სამართლის საკითხების, სამართლიანი სასამართლოს შექმნის აუცილებლობის, სასჯელის უმაღლესი ზომის - სიკვდილით დასჯის, ადამიანის ბუნებითი უფლებებისა და კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ.

მონოგრაფიულ ნაშრომში ავტორი ვრცლად საუბრობს მე-18 საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის, სახელმწიფო სამართლის ძირითადი ინსტიტუტების, საქართველოში ევროპელი განმანათლებლების იდეების გავრცელებისა და იმ გავლენის შესახებ, რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვეს ალექსანდრე ამილახვრის სამართლებრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, სამეფო ხელისუფლების ბუნებისა და სამართლებრივი ფარგლების შესახებ, ასევე სამართლებრივი შეხედულებების რელიგიურ ასპექტებზე, კანონის მიღების წესსა და კანონის წინაშე თანასწორობისა და ბუნებითი სამართლის იდეების გავლენის შესახებ.

წიგნი განკუთვნილია იურისტების, ისტორიკოსების, პოლიტოლოგებისა და ქართული სამართლებრივი აზროვნების ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.