საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოს ფუტსალის ასოციაციასთან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კომპანია "ბილაინის" მხარდაჭერით, 2013 წლის 23 თებერვლიდან 19 აპრილის ჩათვლით ატარებს ფუტსალში სტუდენტურ შეჯიბრებას.
ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდება.
პირველი ეტაპი: 23 თებერვალი – 30 მარტი;
ფინალური ეტაპი: 8 აპრილი – 19 აპრილი.
ტურნირის მიზანია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ფუტსალის პოპულარიზაცია, გამარჯვებული გუნდებისა და საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა და საქართველოს სტუდენტური ნაკრებისათვის კანდიდატების შერჩევა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდი C ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები იქნებიან სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის (23 თებერვალი); თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (9 მარტი) და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (23 მარტი) გუნდები.
სტუდენტური ლიგის ჩემპიონები და საპრიზო გუნდები, აგრეთვე საუკეთესო მოთამაშეები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით.