საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

ფსიქოლოგიის ქართულენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია:

- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლება;

- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

- საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

- უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:

- შესძინოს სტუდენტს ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების საფუძვლებისა და მისი თანამედროვე მიმდინარეობების შესახებ ფართო ცოდნა, გამოუმუშაოს ფსიქოლოგიის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი;

- მისცეს სტუდენტს საშუალება გაეცნოს და შეისწავლოს პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების ამხსნელი თეორიები, აღწეროს პიროვნების ქცევის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები;

- გააცნოს ფსიქოლოგიის თანამედროვე კვლევის მეთოდები, მათი პრაქტიკაში გამოყენების უზრუნველსაყოფად;

- განუვითაროს სტუდენტს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების და პროფესიული ეთიკის დაცვის უნარები და ღირებულებები;

- მოახდინოს სტუდენტში რეალობის ემპირიული გაგებების და აღქმის ფორმირება, რაც დაეხმარება იმ პიროვნული თვისებების განვითარებაში რომლებიც პროფესიული კომპეტენციების სრულყოფასა და ბაკალავრის საფეხურზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ზედა საფეხურის აკადემიური პროგრამების უკეთ დაუფლებაში შეუწყობს ხელს.

პროგრამის სტრუქტურა


საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები

ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათებლო პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

ცოდნა და გაცნობიერება:

1. ახდენს ფსიქოლოგიის მეცნიერების თეორიული საფუძვლების კლასიფიცირებას თანამედროვე ფსიქოლოგიურ მიმდინარეობებად;

2. აკლასიფიცირებს პიროვნების ფსიქოლოგიის ძირითად ცნებებსა და დებულებებს, გენეტიკურ, სოციალურ ფაქტორებს და განსაზღვრავს ძირითადი ფსიქიკური აშლილობების ზოგად დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს;

3. განიხილავს/ხსნის პიროვნების განვითარების ძირითად მახასიათებლებს, ფსიქიკური ფუნქციების, განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების, განვითარების დარღვევების ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს;

4. აღწერს და განმარტავს ადამიანისა და გარესამყაროს ურთიერთქმედების პროცესში ქცევის საფუძვლებს, სტრუქტურას, ფორმებს, სახეებსა და კანონზომიერებებს, ქცევების ფსიქოლოგიურ კლასიფიკაციებსა და ახსნებს;


უნარი:

5. იყენებს ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებს, პიროვნების ემპირიული კვლევის მეთოდებსა და სტატისტიკურ მეთოდებს მცირე მასშტაბის კვლევების დაგეგმვისთვის, SPSS პროგრამის გამოყენებით;

6. ამზადებს კვლევით ან პრაქტიკული ხასიათის პროექტს და სათანადო რეკომენდაციებს წინასწარ განსაზღვრული მითითების შესაბამისად;

7. აანალიზებს და აფასებს ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემებს ამოცნობის, გამოკვლევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დამწყების დონეზე;

8. ამყარებს წერილობით და ზეპირ კომუნიკაციას სფეროს პროფესიონალებთან და არაპროფესიონალებთან როგორც მშობლიურ, ისე უცხო ენაზე;

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:

9. იყენებს მიღებულ ცოდნას კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობითა და ეთიკური პრინციპების დაცვით და პატივს სცემს საზოგადოების განსხვავებულ მახასიათებლებს;

10. აფასებს და დამოუკიდებელობის შესაბამისი ხარისხით ახორციელებს პროფესიული განვითარების საჭიროებების დაგეგმვის და განვითარების პროცესს.

დასაქმების სფერო

საბაკალავრო პროგრამის დასრულებისა და ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრს ფსიქოლოგიაში - სწავლის პროცესში შეძენილი ცოდნა, პრაქტიკაში მისი გამოყენების უნარ-ჩვევები და კვლევითი გამოცდილების გარკვეული დონე საშუალებას აძლევს იმუშაოს სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურებში და შეასრულოს სპეციალისტის ფუნქციები - განათლების სექტორში, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში, ძალოვან სტრუქტურებში, საწარმოო ორგანიზაციებში, კერძოდ, ნებისმიერ დაწესებულებაში, რომელსაც სჭირდება პროფესიონალი ფსიქოლოგი და არ ითხოვს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. კურსდამთავრებული შეძლებს მიღებული ცოდნის გამოყენებას როგორც ძირითად, ასევე მომიჯნავე სფეროებში დასაქმებისას.

  • საქმიანობის ობიექტი - საჯარო სამსახური, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებები (საჯარო და კერძო სკოლები, ბაგა-ბაღები), ბავშვთა თავშესაფრები და ძნელადაღსაზრდელი მოზარდები, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემა, საბანკო სექტორი და ა.შ.
  • საქმიანობის სახეები - ფსიქოლოგი, პედაგოგის დამხმარე, კლასის ტუტორი, პერსონალის შერჩევა და კვლევა, კლიენტთა მომსახურების, სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ და გათავისუფლებულ პირთა რესოციალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში ჩართულობა და ა.შ.