ქალბატონებო და ბატონებო,
ძვირფასო სტუდენტებო,
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ახალგაზრდა უნივერსიტეტია, რომელიც ძალზე მყარ ტრადიციებზე გახლავთ აღმოცენებული და ავითარებს წლების მანძილზე ჩვენი საზოგადოებისათვის მისაღებ იმ ეროვნულ თუ საერთაშორისო საგანმანათლებო იდეებსა და პრინციპებს, რომლებსაც ამკვიდრებდა უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი გურამ თავართქილაძე. ამასთან ერთად, ნერგავს თანამედროვე განათლებისათვის აქტუალურ ინოვაციებს.
უნივერსიტეტის ისწრაფვის, რათა პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა სტუდენტს, თითოეულ თანამშრომელს კარგად ჰქონდეთ გააზრებული უნივერსიტეტის მისია, საქმიანობის პრინციპები, საკუთარი უფლებები და მოვალეობები, პირადი პასუხისმგებლობა, ეთიკური ნორმების დაცვის აუცილებლობა, რაც განაპირობებს „დისციპლინირებულ ინტელექტუალურ საქმიანობას“ (ვილჰელმ ჰუმბოლტი), და მყარი გარანტიაა უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური თავისუფლების ეფექტური გამოყენების, სწავლისა და სწავლების ადეკვატური პირობების შესაქმნელად.
უნივერსიტეტის ამოცანაა, მისცეს სტუდენტს, პროფესიული და სოციალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, შრომის ბაზარზე ორიენტირებული ისეთი ცოდნა და განათლება, რომელიც შემდგომში მისი ცხოვრებისეული წარმატებისა და წინსვლის მყარი საფუძველი იქნება.
ჩვენი საქმიანობის უმთავრესი ამოცანებია:
- სტუდენტის საგანმანათლებლო და პროფესიული ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლისა და სასწავლო პროცესის წარმართვა;
- გლობალური ცვლილებებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში სასწავლო პროცესის მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამებით უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის საგანმანათლებლო არეალის გაფართოების, აკადემიური მობილობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით, ინტენსიური, საქმიანი ურთიერთობების დამყარება საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
- სასწავლო პროცესში პროფესორ-მასწავლებელსა და სტუდენტს შორის პარტნიორული პრინციპების დამკვიდრება;
- სწავლების თნამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სტუდენტის მიერ თეორიული მასალის შინაარსის უკეთ გააზრება და მისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- სტუდენტის შეფასების ისეთი მოქნილი სისტემის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება ცოდნის აკუმულირების პრინციპსა და ხელს შეუწყობს სისტემატურ სწავლებას;
- სტუდენტების პრაქტიკის, სტაჟირებისა და დასაქმების მიზნით, აქტიური, საქმიანი ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ კერძო სტრუქტურებთან;
- სტუდენტებში იმ ძირითადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომლებიც დაეხმარებათ კურსდამთავრებულებს ინოვაციური განვითარების, თავისი ცოდნის გაფართოების, სრულყოფისა და კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის საქმეში;
- დასაქმების შემდგომ კურსდამთავრებულებთან აქტიური ურთიერთობების გაგრძელება, მათი კარიერული წინსვლისათვის პროფესიული კონსულტაციების გაწევა;
- უნივერსიტეტში კორპორატიული სულისკვეთების დამკვიდრება-განმტკიცება და ერთიანი საქმის წარმატებით განხორციელების იდეის ირგვლივ გაერთიანება და ერთსულოვნება;
- კომფორტული პიროვნული ერთიერთობების პარალელურად სწავლისა და შრომის კომფორტული მატერიალური პირობების შექმნა.
იმედს გამოვთქვამ, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, თითოეული თანამშრომლის, ჩვენი ადგილობრივი თუ უცხოელი პარტნიორებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა უნივერსიტეტის წარმატებული საქმიანობის მყარი გარანტია იქნება.
გახსოვდეთ, ჩვენთან მიღებული განათლება თქვენი წარმატების მყარი საფუძველია.
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
გიორგი მათიაშვილი
რექტორი, პროფესორი