სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება ოთხი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა:

ბაკალავრიატი

  • ჟურნალისტიკა (1430104);
  • ფსიქოლოგია (1430105).

მაგისტრატურა

  • მასობრივი კომუნიკაცია

პროფესიული პროგრამა

  • კინო-ტელეოპერატორი

უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, დამატებითი განათლების მიღების მიზნით, სტუდენტებს სთავაზობს სამ სერტიფიცირებულ კურსს:

  • მონტაჟი;
  • ოპერატორის ხელოვნება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR).

საბაკალავრო პროგრამა - ჟურნალისტიკა

პროგრამის მიზანია - მოამზადოს ახალი ამბების რეპორტიორი როგორც ბეჭდური (გაზეთი, ჟურნალი), ისე ელექტრონული (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტ ჟურნალისტიკა) მედიისათვის. პროგრამით გათვალისწინებულია ისეთი ჟურნალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს კონკრეტული სფეროს (სტუდენტის არჩევით) ახალი ამბების სიღრმისეულად გაშუქებას.

აკადემიური ხარისხი - სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ჟურნალისტიკაში

კურსდამთავრებული მზად არის სამუშაოდ მედია საშუალებებში და სხვა ორგანიზაციებში ჟურნალისტად/კორესპოდენტად/რეპორტიორად, რიგით რედაქტორად, მედიამენეჯერად, პრეს-სპიკერად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად. ახლგაზრდა აგრეთვე მზადაა გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების მომდევნო საფეხურზე.

სამაგისტრო პროგრამა - მასობრივი კომუნიკაცია

აკადემიური ხარისხი - სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი მასობრივ კომუნიკაციაში.

პროგრამის ძირითადი მიზანია - მოამზადოს დარგობრივი ჟურნალისტი, რომელიც შეძლებს სამი წამყვანი დარგის (ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის) აქტუალური პრობლემების საფუძვლიანად გაშუქებას; აგრეთვე მოამზადოს მაგისტრანტი დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის და პედაგოგიური საქმიანობისათვის.

მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მზად არის სამუშაოდ მედია საშუალებებში, მედია ორგანიზაციებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში, შესაბამისად დარგობრივ ჟურნალისტად (სვეტის, გვერდის, რუბრიკის, გადაცემის და ა.შ. ავტორად); რედაქტორად; საშუალო რგოლის მედიამენეჯერად; მედია ანალიტიკოსად, მედია ექსპერტად, ჟურნალისტ-მიმომხილველად; მასობრივი კომუნიკაციის დარგის მკვლევარად.

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებს ემსახურება მრავალფეროვანი და საინტერესო სწავლების ფორმა.

თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად სტუდენტები ეუფლებიან ჟურნალისტისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ რადიო და სატელევიზიო სტუდიებში სტუდენტები სწავლობენ თემების საეთეროდ მომზადებას, რესპოდენტებთან მუშაობას, სიუჟეტების ჩაწერასა და გადაღებას.

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს რამდენიმე შემოქმედებითი სახელოსნო, სადაც ოსტატები, გამოცდილი და ცნობილი ჟურნალისტები სტუდენტთა მცირერიცხოვან ჯგუფებში ფოკუსირებას ახდენენ თემატურ ჟურნალისტიკაზე (სტუდენტის არჩევით): პოლიტიკური, სოციალური, ექსტრემალური და კულტურის საკითხების გაშუქებაზე.

ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისათვის ფუქნქციონირებს კლუბი „რეპორტიორი“. კლუბი დროდადრო აწყობს სასწავლო პრესკონფერენციებს, სადაც მასპინძლობს ცნობილ ჟურნალისტებს და საინტერესო ადამიანებს. „რეპორტიორის“ ინიციატივით ტარდება აუდიო და ვიზუალური მედიის კონკურსები, სამეცნიერო კონფერენციები, მასტერ-კლასები და საჯარო ლექციები, ოლიმპიადები და საქველმოქმედო აქციები. კლუბ „რეპორტიორის“ საქმიანობა ხელს უწყობს მომავალი ჟურნალისტების პროფესიულ დახვეწას, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას, შემოქმედებით დაოსტატებას, ზოგადი თვალსაწიერის გაფართოებას.

სწავლის პერიოდში სტუდენტები ამზადებენ სასწავლო გაზეთსა და ჟურნალს - წერენ ინტერვიუებს, არჩევენ მასალებსა და ილუსტრაციებს, ამზადებენ მაკეტს, ზრუნავენ რეკლამაზე.

ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს უძღვებიან თვალსაჩინო პროფესურა და მოწვეული პრაქტიკოსი ჟურნალისტები.

როგორც სალექციო, ისე პროფესიული პრაქტიკის პერიოდში უნივერსიტეტის პარტნიორები არიან:

  • საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (I არხი, II არხი, I რადიო);
  • ტელეკომპანიები „იმედი“ და „ერთსულოვნება“;
  • საინფორმაციო სააგენტოები „reportiori.ge“ და „მედია ნიუსი“;
  • გაზეთები „ქართული სიტყვა“ და „საქართველოს რესპუბლიკა“;
  • ჟურნალები „არსენალი“, „ლიბერალი“ და „ჩვენი მწერლობა“;
  • რადიო FM107.9 ;
  • სტუდია „მონიტორი“;
  • ცსკო;
  • ახალგაზრდული ევროპარლამენტი;
  • UNIVERSITY of REIMS-CHAMPAGNE-ARDENNE (France);
  • INHOLLAND UNIVERSITY (The Kingdom of the Netherlands)

- School of Communication &Media (Hague).

საბაკალავრო პროგრამა - ფსიქოლოგია

კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი:

სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ფსიქოლოგიაში

გიწვევთ ყველას, ვისაც აინტერესებს და სურს მიიღოს საფუძვლიანი ფსიქოლოგიური განათლება.

ყოველი ადამიანი უნიკალურია. რატომ? ფსიქოლოგები, ფსიქიკის იდუმალ სამყაროში შეღწევით, ყველაზე მეტად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას, რადგან მათთვის უმნიშვნელოვანესია პიროვნების ქცევის მიღმა არსებული შენიღბული მოტივებისა და განზრახვების ახსნა.

პროგრამის მიზანი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: ბაკალავრს შესძინოს საფუძვლიანი ცოდნა ფსიქოლოგიის მეცნიერების ისტორიის, განვითარების ტენდენციების, დარგის თანამედროვე მიმდინარეობებისა და თეორიების ძირითადი ასპექტების შესახებ; ჩამოუყალიბოს პროფესიული უნარები; მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური საქმიანობისათვის.

სწავლების ფორმა

საგანმანათლებლო პროგრამა, სწავლების სტანდარტული ფორმის გარდა, ითვალისწინებს: ჯგუფურ მუშაობას, რომელიც განაპირობებს სასწავლო პროცესში თითოეული სტუდენტის ჩართულობის მაღალ ხარისხს; როლურ და სიტუაციურ თამაშებს, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს სხვადასხვა კუთხით შეხედოს პრობლემას და უყალიბებს მას ალტერნატიული თვალსაზრისის შემუშავებისა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დაცვის უნარს; ფსიქოლოგიის დარგის თვალსაჩინო ქართველ და უცხოელ სპეციალისტთა მოწვევას და მასტერ-კლასების ჩატარებას.

საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირები მოიაზრებს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს, ფსიქოლოგთა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და კროს-კულტურულ კვლევებში მონაწილეობას.

პარტნიორები

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
  • INHOLLAND UNIVERSITY (The Kingdom of the Netherlands)

- School of Communication &Media (Hague);

  • Birmingham College;
  • N 200 საჯარო სკოლა-პანსიონი;
  • I ექსპერიმენტული სკოლა;
  • შპს „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“;
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

დასაქმების სფერო

პროგრამის კურსდამთავრებულს - სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრს ფსიქოლოგიაში - სწავლის პროცესში შეძენილი ცოდნა, პრაქტიკაში მისი გამოყენების უნარ-ჩვევები და კვლევითი გამოცდილების გარკვეული დონე საშუალებას აძლევს იმუშაოს ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში, საბანკო სექტორში (პერსონალის შერჩევისა და მასთან მუშაობის, კლიენტთა მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით) ან ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში, რომელსაც სჭირდება პროფესიონალი ფსიქოლოგი.

სწავლის საფასური საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე შეადგენს 2 250 ლარს, რომლის გადახდაც, ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია ოთხ ეტაპად.

პროფესიული პროგრამა - კინოტელეოპერატორი

კინოტელეოპერატორის მე-4 საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

პროგრამის მიზანია მოამზადოს პრაქტიკოსი ოპერატორი მხატვრული გემოვნებითა და ტექნიკური ცოდნით, რომელსაც შეეძლება შემოქმედებით ჯგუფთან ერთად (რეჟისორი, სცენარისტი, რეპორტიორი, ხმის რეჟისორი, გამნათებელი) შექმნას დასრულებული დოკუმენტური და მხატვრული ნიმუშები.

პრაქტიკული მეცადინეობების მეშვეობით სტუდენტი შეიძენს აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, გაიწაფება ვიდეო და ფოტო გადაღებაში.

სტუდენტის განკარგულებაშია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი რადიო და სატელევიზიო სტუდიები, შემოქმედებითი ლაბორატორია „რეპორტიორი“. სტუდენტი ჩართულია აუდიო და ვიზუალური მედიის კონკურსებში და საქველმოქმედო აქციებში, მისთვის იმართება მასტერ-კლასები და საჯარო ლექციები, სასწავლო პრეს კონფერენციები და ოლიმპიადები.

სასწავლო პროცესს უძღვებიან თვალსაჩინო პროფესურა და საგანგებოდ მოწვეული ოპერატორები, სცენარისტები და ფოტოხელოვანები.

კინოტელეოპერატორი შეიძლება დასაქმდეს ოპერატორად და/ან ოპერატორის თანაშემწედ ტელევიზიაში, კინოწარმოებაში (მხატვრული, დოკუმენტური), საინფორმაციო სააგენტოში, სარეკლამო კომპანიაში, პრეს ცენტრში და ვიდეო საწარმოო სტუდიაში.

სწავლის საფასური 2 000 ლარი.