ტელე ლაბორატორია

თანამედროვე ტელემაუწყებლობის პირობებში, ახალი სატელევიზიო ტექნოლოგიების დანერგვამ და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ, დღის წესრიგში დააყენა შესაბამისი განათლების შემოქმედებითი კადრების მომზადება.

თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად საჭიროა მომავალი ტელეჟურნალისტები არამარტო იცნობდნენ ამგვარ ტექნოლოგიებს, არამედ შეეძლოთ მათთან ურთიერთობა და პრაქტიკაში გამოყენება. ამიტომ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა თანამედროვე ტიპის სატელევიზიო-სამაუწყებლო ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია სწორედ ასეთი ტექნიკური საშუალებებით.

სტუდია-პავილიონი არა მარტო მარტივი, არამედ რთული სატელევიზიო გადაცემების მომზადების, ჩაწერისა და პირდაპირ ეთერში გასვლის საშუალებასაც იძლევა. სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები სტუდიაში უტარდებათ, ისინი უპირველესად გარემოს ეჩვევიან, ეუფლებიან კოლექტიური მუშაობის პრინციპებს. სწავლობენ გადაცემის წარმოების დაგეგმვას, მუშაობას ოპერატორებთან, მხატვრებთან, ხმის რეჟისორებთან, გამნათებლებთან და ა.შ. ითვისებენ მრავალკამერიანი გადაღების საქმეს.  სისტემური მუშაობა ტელეკამერებთან, მიკროფონთან. სასტუდიო გარემოში მოქმედება, მიზანსცენების გამართვა, მონტაჟის ხელოვნების დაუფლება, საბოლოოდ იძლევა იმ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სასწავლებლის დამთავრებისთანავე, დამოუკიდებლად მოამზადონ სხვადასხვა მარტივი ტიპის სატელევიზიო გადაცემა.