ჟურნალისტიკის კათედრის მიზნები და ამოცანები

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრა წარმოდგენილია ორი საგანმანათლებლო პროგრამით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დონეებზე. ჟურნალისტიკის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების ძირითადი მიზანია შეუქმნას სტუდენტს ისეთი პირობები, რათა მან სრულყოფილად გამოიყენოს და განავითაროს საკუთარი ინტელექტუალური  შესაძლებლობები პრაქტიკულ საქმიანობაში და შეიძინოს  საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების ობიექტური აღწერისა და კრიტიკული შეფასების უნარი; გააცნობიეროს თავისუფალი სიტყვის ფასი და მნიშვნელობა დემოკრატიული ფასეულობების კონტექსტში  და ანგარიშვალდებულების ხარისხი საზოგადოების წინაშე.

საბაკალავრო საფეხურზე მოქმედებს არჩევითობის პრონციპი, რომელიც სთავაზობს სტუდენტს ბეჭდური და მედიაკომუნიკაციების მოდულებს.

სამაგისტრო პროგრამა კი ამზადებს კონკრეტულ დარგზე ორიენტირებულ ჟურნალისტებს.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, თავის ფარგლებში, სხვა კლასიკურ სასწავლო კომპონენტებთან ერთად, ეყრდნობა ორ ძირითად შემოქმედებით ფორმას: სტუდიურ მუშაობასა და სახელოსნოებს. სასწავლო სტუდიებში სტუდენტები ამზადებენ თავიანთ პირველ გაზეთებს, რადიო- და სატელევიზიო გადაცემებს.

სახელოსნოს პრინციპი კი გულისხმობს მცირერიცხოვან სტუდენტთა ჯგუფად გაერთიანებას ერთი ოსტატის, ცნობილი ჟურნალისტის გარშემო და სამი სემესტრის განმავლობაში პროფესიულ დახელოვნებას. მომავალი ჟურნალისტები  პროფესიულ  წვრთნას იწყებენ პირველივე დღიდან სტუდენტურ კლუბ „რეპორტიორში“, რომელიც ყოველ პარასკევს აწყობს სასწავლო პრესკონფერენციებს საინტერესო, გამოჩენილ ადამიანებთან.

ჟურნალისტიკის მიმართულებაზე მოქმედებს სტუდენტთა სამეცნიერო წრე; ახალგაზრდები ხალისით არიან ჩაბმულნი სხვადასხვა საქველმოქმედო, თუ საგანმანათლებლო პროექტებში.